ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პროდუქტები სახლში მიუტანეს
ოზურგეთის საკრებულოს პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები თანამოქალაქეების დახმარებას აგრძელებენ. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და ოზურგეთის მესამე ოლქის მაჟორიტარმა, დავით მდინარაძემ პირადი სახსრებითა და კომპანია „ვასაძის პურის“ მხარდაჭერით, ამავე ოლქის სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პირველადი მოხმარების პროდუქტები და სააღდგომო ნობათი სახლებში მიუტანეს.
„საკრებულოს უმრავლესობის წევრები ვაგრძელებთ საქველმოქმედო პროგრამას. დღეს, ოზურგეთის მესამე მაჟორიტარულ ოლქში, მაჟორიტარ დავით მდინარაძის ინიციატივით, ის ოჯახები მოვინახულეთ, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ ჩვენი თანადგომა. პირადი დანაზოგით შეძენილი წინასააღდგომო ნობათი სახლებში მივუტანეთ და ადგილზე მათი საჭიროებები მოვისმინეთ. აგრეთვე, მადლობა კერძო კომპანიას, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა და შემოუერთდა სოლიდარობის აქციას. მსგავსი თანამშრომლობით, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, აუცილებლად დავძლევთ ამ გამოწვევას“, – აღნიშნა დავით დარჩიამ.
ოზურგეთის საკრებულო სოლიდარობის აქციებს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სამომავლოდაც განახორციელებს.