სუს-ი: გასულ წელს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

“2019 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა. კომისიას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს და მის შემადგენლობაში ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყებაა.

“ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე, მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. სტრატეგია სამწლიანია და მისი განხორციელების მიზნით, ასევე, შემუშავდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა.

საანგარიშო პერიოდში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თავმჯდომარეობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მესამე სხდომა. სხდომის ფარგლებში, გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის 2019 წლის შესრულების თაობაზე ანგარიში-პრეზენტაცია. კომისიის წევრები გაეცნენ ინფორმაციას იმპლემენტაციის პროცესის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის პირველი წელი კომისიის წევრების მიერ დადებითად შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც სტრატეგიის ამოცანების შესრულების, ასევე, ზოგადად, კონტრტერორისტული მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა სამოქალაქო სექტორთან”, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები