მარინა ეზუგბაია: “ინფექციურ საავადმყოფოში” კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფ, ერთ-ერთი ტაძრის მამაოს ჩატარებული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
მისივე თქმით, სასულიერო პირმა შესაძლოა, კლინიკა დღის განმავლობაში დატოვოს.
“ჩვენთან კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, რომელთანაც ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციით ავადმყოფი, გადაყვანილი იქნა სხვა განყოფილებაში. როცა ნეგატიურ პასუხებს მივიღებთ ხოლმე, ვიდრე ტემპერატურა აქვს და არ გამოჯანმრთელდება, გადაგვყავს სულ სხვა განყოფილებაში, იზოლირებულად იქ განაგრძობს მკურნალობას. დღეს დილას მას ტემპერატურა არ აქვს და შესაძლოა, დღის განმავლობაში დატოვოს კლინიკა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.