საფრანგეთში კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა

საფრანგეთში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკარანტინო ზომები 11 მაისამდე გახანგრძლივდა.

როგორც ნოსახლეობისადმი მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ეპიდემია ნელდება და იმედი ბრუნდება, მაგრამ, მისივე თქმით, მკაცრი კარანტინი 11 მაისამდე უნდა დაიცვან.

ამასთან, ახალი შეზღუდვა არ დაწესებულა, მაგრამ ყველა მოქმედება რჩება ძალაში.

11 მაისის შემდეგ კარანტინის ეტაპობრივი შესუსტება დაიწყება, მაგრამ არ გამოირიცხება, რომ რისკჯგუფის ადამიანებისთვის – ხანდაზმულებისთვის, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის – შეზღუდვა კიდევ გახანგრძლივდეს.

როგორი იქნება კარანტინიდან ქვეყნის ეტაპობრივი გამოსვლა, მას ცალკე გეგმის სახით 15 დღეში წარადგენენ.

თუმცა, მაკრონმა მისი დეტალები გაასაჯაროვა.

– 11 მაისის შემდეგ გაიხსნება სკოლები, თუმცა – უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით; უნივერსიტეტები დისტანციურ მუშაობას ზაფხულამდე გააგრძელებენ;

– ბარები, რესტორნები, კინო, მუზეუმები და სხვა მსგავსი დაწესებულებები თავიდან იქნება დახურული;

– იქნება დაწესებული ე.წ. ნიღბის რეჟიმი ყველა საზოგადოებრივი ადგილისთვის;

-საზღვრები “განსაკუთრებულ ბრძანებამდე” იქნება ჩაკეტილი.

გარდა ამისა, ქვეყანაში საეჭვო სიმპტომების მქონე პირების ტესტირება გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები