სოფო კილაძე: როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს, მგონი, ცოტა უხერხულია
“როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს, მგონი, ცოტა უხერხულია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან ხელისუფლება გააკრიტიკა.
კილაძე გოცირიძეს ურჩევს, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინოს.
„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას მივესალმები. მივესალმები იმასაც, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებდეს, მაგრამ რაღაც გარკვეული მორალური ზღვარი არსებობს. მაგალითად, როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს, მგონი, ცოტა უხერხულია. გირჩევდით, მომავალში ამას უფრო სიფრთხილით მოეკიდოთ“, – მიმართა სოფო კილაძემ რომან გოცირიძეს.