ემანუელ მაკრონი ქვეყანაში საკარანტინო ზომებს კიდევ რამდენიმე კვირით გაახანგრძლივებს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს მოსახლეობას მიმართავს, რომელშიც საკარანტინო ზომების რამდენიმე კვირით გახანგრძლივებაზე ისაუბრებს, – წერს Le Figaro.
მოსალოდნელია, რომ შემზღუდავი ზომები 10 მაისამდე გაგრძელდება. საფრანგეთში კარანტინი 17 მარტიდან მოქმედებს.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის ფონზე მეორე ტალღის სცენარის ეშინია, ამიტომ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და მხოლოდ დაავადების გავრცელების ზღვარის სტაბილიზაციის შესაბამისად მოხდება.
10 მაისის შემდეგაც, დიდი ალბათობით, მასობრივი შეკრებები, კულტურული თუ რელიგიური ღონისძიებები კვლავ დარჩება აკრძალვის ქვეშ რამდენიმე კვირით.
Le Figaro ვარაუდობს, რომ საფრანგეთში ცხოვრების ჩვეული რეჟიმი სექტემბრამდე არ აღდგება, სკოლები და კვების ობიექტები ამ დრომდე იქნება დახურული.
საფრანგეთში კორონავირუსით 133 670 ადამიანია ინფიცირებული, ვირუსს 14 393 პაციენტი ემსხვერპლა.