ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება
“ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ.
„დღეისათვის საქართველოში უკვე არის დადასტურებული Covid ინფიცირების 252 შემთხვევა და რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათ ქონდათ კონტაქტების საკმაოდ ფართო წრე და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს, რომ მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები. ისევე, როგორც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების პირობებში, მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტების ან მედიკამენტების შეძენას, ან სამედიცინო მომსახურებისმიღებას”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, სპეციალური პროტოკოლის დაცვით განახორციელონ.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციასუზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი.
„ამასთან, ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ქობულეთის ე.წ. კლასტერს უკავშირდება.
ასევე გეტყვით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც შემოწმდება ამ ადმინისტრაციული ერთეულების ყველა მოსახლე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა როგორც საკვებით მომარაგებაში, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფაში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში იმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ მოწოდებული მასალა გამოიყენონ.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვები და მკაცრი ზომები ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავუმკლავდეთ COVID-19-ის გავრცელებას, მაგრამ არცერთი შეზღუდვა და არცერთი რეგულაცია ვერ იქნება ეფექტური, თუ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ დაიცვა ის და არ გაითვალისწინა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოვიდეთ და ამით დავიცვათ საკუთარი თავი და თითოეული ჩვენი მოქალაქე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.