სესიაშვილი პირბადეებზე: მსოფლიო გადარჩენის გზებს ეძებს და ზოგიერთი ჩასაფრებული უსაქმური იმის ძიებაშია, როგორ იქილიკონ ყველასათვის საჭირო ნივთზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ წერს.
„მთელი მსოფლიო გადარჩენის გზებს ეძებს და ზოგიერთი ჩასაფრებული უსაქმური მხოლოდ იმის ძიებაშია, როგორ გააუფასურონ და იქილიკონ ყველასათვის საჭირო ნივთზე. ამ კლასტერმა არ იცის ან არ უნდა, ხალხს უთხრან, რომ, მთელს მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის ფონზე, როცა ხელისუფლება ცდილობს, გამოსავალი იპოვოს, ადამიანებს დაცვის საშუალება შეუქმნას და თქვენს ბოღმას არ აყვეს, ეს სწორია და საზოგადოება ამას ადეკვატურად იღებს … თქვენგან განსხვავებით”, – წერს სესიაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ პირბადეებთან დაკავშირებით განცხადება „ნაციონალური მოძრაობის„ წევრმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
„მთელი სოციალური ქსელი გადაჭრელებულია. თავმოყვარე ადამიანი, ადამის მოდგმის ნაშიერი, უბრალოდ, არ იკადრებს ამ პირბადის გაკეთებას, ეს არის სამარცხვინო”, – განაცხადა მელიამ.