საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ მარნეულში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ მარნეულში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა და ქართულ მხარეს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600 ოჯახისთვის სასურსათო ნობათი გადასცა.
ნობათი მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიტანეს და მას ადგილობრივი ხელისუფლება ორ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებზე გადაანაწილებს. პროდუქტების გადაცემის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ესწრებოდნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ეს არის ხაზგასმა იმის, რომ საქართველო – აზერბაიჯანის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის.
“მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანელ ხალხს, ხელისუფლებას, ბიზნესასოციაციას რომელთა ორგანიზებითაც დღეს ჩვენ საკარანტინე სივრცეში, ორ მუნიციპალიტეტში ყველაზე შეჭირვებული ოჯახებისათვის გასანაწილებლად გადმოგვეცა 600 პაკეტი სასურსათო ნობათი. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე მოვდივართ მეგობრობით, ერთმანეთის მხარდაჭერით შეჭირვების ჟამს და, ასევე, ლხინის დროს. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, თუმცა ამ მეგობრობას უნდა ყოველდღიური გაფრთხილება, განვითარება და გაძლიერება”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.