დავით ბაქრაძე: ყოველდღიურად ვხედავ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას მოქმედებაში
„საქართველოს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მარტის დასაწყისში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისადმი“, – ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე real clear world-ში გამოქვეყნებულ წერილში სათაურით – “საერთო ღირებულებები: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა” წერს.
მისი თქმით, ამ მრავალპარტიული შეთანხმების მიხედვით, რომელსაც წინ უძღოდა მოლაპარაკებები საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მისიის ხელშეწყობით, გაიზარდა პროპორციული სისტემით მიღებული მანდატების რაოდენობა.
დავით ბაქრაძე იხსენებს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც ეს შეთანხმება წარმოადგენს „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს დემოკრატიის გაძლიერებისკენ, პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ“.
„ამ ცვლილებებს, ასევე, მოჰყვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან და უმაღლესი შეფასება ორივე პარტიის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ვულოცავ ქართველ ხალხს ამ პროდემოკრატიული ცვლილებების მიღებას, რისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობარი ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა. მისი თქმით, „კომპრომისისა და [პოლიტიკური] სიმწიფის გზით, საბოლოოდ, გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიის განმტკიცებისკენ. ხსენებული საყოველთაო მხარდაჭერა მეტყველებს საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლის აღიარებაზე, ასევე, ჩემი ქვეყნის მიზანმიმართულებაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – წერს დავით ბაქრაძე.
მისი თქმით, ამ მიზანმიმართულობამ დადებითი შედეგები მოუტანა საქართველოს ეკონომიკასაც.
„Heritage Foundation-ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. გარდა ამისა, ეს მიზანმიმართულობა კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის ურთიერთობას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებისთვის. როგორც საქართველოს ელჩი აშშ-ში, მე ყოველდღიურად ვხედავ ამ პარტნიორობას მოქმედებაში“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
წყარო: https://www.realclearworld.com/