რუსუდან თევზაძე: კვლავ სამარცხვინო უძრაობაა პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში

“კვლავ სამარცხვინო უძრაობაა პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში. ცალკეული, უკვე აშკარად დაბოღმილი და წონასწორობიდან გამოსული „პოლიტპერსონები“ და მათი მრევლი, ქილიკს, ლანძღვას და გინებას არ იშურებენ ქველმოქმედი ადამიანის მიმართ”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე.

“როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ერთ რიგით ამომრჩეველს, მართლაც მაინტერესებს სად არის თავად ოპოზიციური პარტიების სამოქალაქო მონაწილეობის კომპონენტი?”, – წერს თევზაძე

“ერთ-ერთ ზეაქტიურ „ პოლიტიკოსს“ კოვიდ 19-ის ფონდში ჩარიცხული თანხა ეცოტავა კიდეც და ისე, რომ თავად 10 თეთრიც კი არ გადაურიცხავს ამ ფონდში, რთული არითმეტიკული გათვლებით დაკავდა მოცალეობის ჟამს.

როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ერთ რიგით ამომრჩეველს, მართლაც მაინტერესებს სად არის თავად ოპოზიციური პარტიების სამოქალაქო მონაწილეობის კომპონენტი? როგორც სჩანს, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის მეთოდიკის საკითხებში ყელამდე ჩაფლულებს, სახალხო ფონდში საკუთარი ფინანსური კონტრიბუციისთვის მინიმალური დროც კი აღარ რჩებათ. მათი ყოველდღიური, 24 საათიანი სატელევიზიო შეგონებებისა და ჭკუის სწავლების ფონზე, მათ მიერვე, თავის დროზე გაცოცხლებული, პოპულარული საბჭოური მოტო მინდა შევახსენო – „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“.

ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელი ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მათთვის სრულიად მისაღები და მოსაწონი სამოქალაქო ჩართულობისა და მონაწილეობის მეცენატური ფორმატის არსებობა, დღეისათვის, მათივე დაცინვის, ქილიკისა და კონსპირაციული თეორიების შეთხზვის საგანი გახდა. ეს მხოლოდ ოპოზიციის სერიოზულ სისუსტეზე მიუთითებს, რაც, როგორც წესი, მეტად წამგებიანი და არახელსაყრელია მნიშვნელოვანი არჩევნების წინ”, – წერს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები