კორონავირუსით დაინფიცირებული მეჯვრისხეველი კაცის 100-მდე კონტაქტი უკვე გამოიკვევთა.
როგორც “რეგიონულ კვირას“ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის მამაკაცის კონტაქტებს შემოწმება უტარდებათ.
“14 მარტს ჩამოვიდა ეს ადამიანი, სოფელშიც იყო გამოსული და ჩვეულებრივ ურთიერთობაში იყო ხალხთან. მე როგორც ვიცი, 100-მდე ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა შეხება, უკვე მოიძიეს და ამოწმებენ ყველას“, – ამბობს ადგილობრივი.
აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გიუნაშვილმა დაუდასტურა. ამასთან, მან მამაკაცის ცოლ-შვილის დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
“ამ დროისთვის კონტაქტები გამოიკვეთა და კვლავ მიმდინარეობს მოკვლევა, ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით. თუმცა, ცრუა ის ინფორმაცია, თითქოს ამ ადამიანის ცოლი და შვილიც დაინფიცირებულები არიან. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა რჩებიან დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა მარინა გიუნაშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა შიდა ქართლში დღეს დადასტურდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და ტრაილერის მძღოლად მუშაობს. ინფიცირებულს 31 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე ერევანში, შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი, გარდაცვლილი კი – 2. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5067 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 330.