საქართველო-სომხეთის საზღვარზე ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა შიდა ქართლში. როგორც “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ გიუნაშვილმა განუცხადა, კოვიდ-19-ით დაინფიცირებული პირი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია და ის ტრაილერის მძღოლად მუშაობს.
მისივე თქმით, ინფიცირებულს 31 მარტს საზღვრის კვეთის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე ერევანში, შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული.
“დიახ, გვაქვს უკვე დადასტურებული ფაქტი შიდა ქართლში. მას სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. არის ტრაილერის მძღოლი. თავდაპირველად ის სომხეთიდან 14 მარტს შემოვიდა, მანამდე იმყოფებოდა ოჯახში. 31 მარტს კი დატოვა საქართველო და სწორედ სომხეთთან საზღვრის კვეთის დროს დაუფიქსირდა ტემპერატურა, შემდგომი კვლევის შედეგად, დაუდასტურდა კოვიდ-19. ამჟამად, ინფიცირებული მოქალაქე ერევანში, შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული”, – განაცხადა მარიამ გიუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი, გარდაცვლილი კი – 2. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5067 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 330.