ამირან გამყრელიძე: საკმაოდ რთული და მძიმე იქნება აპრილის და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარიც
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელია. როგორც მან აღნიშნა, რთული და მძიმე იქნება აპრილის და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარიც.
“ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. ვიხმარე პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული, სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისიც ვთქვი დაახლოებით ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა იქნება. შეკავების ფაზა საქართველოში მაქისმალურად “გაიწელა”, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.