შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა რესურსცენტრების წარმომადგენლებთან მორიგი ვიდეოჩართვა მოაწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართლში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად ითვალისწინებენ არსებულ რეკომენდაციებს და ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან მუდმივ კოორდინაციაშია.
დღეს მორიგი ვიდეოჩართვა მოეწყო. რესურსცენტრების წარმომადგენლების თქმით, სრულად არის ათვისებული დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ყველა აპლიკაცია, გარკვეულ შემთხვევებში კი მასწავლებლები მოსწავლეებს ტელეფონითაც უკავშირდებიან.
გიორგი ხოჯევანიშვილი გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორსა და ლექტორებსაც შეხვდა. ასევე, ვიდეოზარის რეჟიმში გაესაუბრა სტუდენტებსაც. ლექტორების თქმით, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნეს ისიც, რომ მათ აქამდეც ჰქონიათ დისტანციური სწავლების მეთოდის პრაქტიკა და ამან კიდევ უფრო გაუმარტივათ ეს პროცესი.
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება. დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს.