რა შეღავათებით ისარგებლებენ და ვის არ შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება – “თელასის” განცხადება
მთავრობის დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალურ გადასახადს არ გადაიხდიან.
მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით “თელასი” ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საშეღავათო პირობებია განმარტებული:
“საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ სს „თელასის” ის აბონენტები, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვეში (მარტი, აპრილი, მაისი) არ აღემატება 200 კვტ/სთ.
შეღავათები მოიცავს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას. „თელასი“ არ განახორციელებს მთავრობის შეღავათით მოსარგებლე მომხმარებლების ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.
თუ აბონენტმა უკვე დაფარა მარტის თვის გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება სააბონენტო ბარათზე შემდგომში ხარჯის დაფარვის მიზნით.
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის, მოსახლეობისა და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სს „თელასი“ SMS-შეტყობინების მეშვეობით ელექტრონულ ქვითრებს დააგზავნის.
6 აპრილიდან ქაღალდის ქვითრების ნაცვლად მომხმარებლები მიიღებენ SMS-შეტყობინებას, სადაც აისახება ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების დავალიანების ოდენობა და გადახდის ვადები. შეტყობინება, ასევე, მოიცავს ინფორმაციას მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას კილოვატსაათებში.
აბონენტების სატელეფონო ნომრების განახლების მიზნით, სს „თელასი“ მოგმართავთ თხოვნით დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტრს ნომერზე: 2 77-99-99; დარეგისტრირდეთ კომპანიის ვებ გვერდზე: www.telasi.ge; გააგზავნოთ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე: telasi@telasi.ge ან მობილური ტელეფონიდან ნომერზე 90033 – 222# და აბონენტის ნომერი”, – აცხადებენ “თელასში”.