შიდა ქართლში ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 15-მდე პირი დაჯარიმდა
შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის დროს საკარანტინო რეჟიმის წესის დარღვევისთვის 15-მდე პირი დაჯარიმდა.
ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ჯოხევანიშვილმა განაცხადა.
სახელმწიფო რწმუნებული დღეს დილით კარალეთთან არსებულ გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, ამ დრომდე შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი არ დასტურდება. თერმოსკრინინგი უკვე 7 000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა და პირები, რომელთაც დაუდასტურდათ მაღალი ტემპერატურა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“ჰოსპიტლის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით, მცირედითაა გაზრდილი. პაციენტების შემთხვევაში გართულებული ვითარება არ არის. ინფიცირების შემთხვევა რეგიონში ჯერ არ გვაქვს. ვითარება მშვიდია. გუშინდელთან შედარებით დამრღვევთა რაოდენობა განახევრებულია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დარჩეს სახლში და გაუფრთხილდეს საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გორში ხუთი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შსს-ს თანამშრომლები და თავდაცვის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები ერთობლივად აკონტროლებენ მგზავრთა გადაადგილებას. რეგიონის მაშტაბით შსს-ს 60-მდე მობილური ჯგუფი ახდენს პატრულირებას.