ზუგდიდში 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, ისინი მკურნალობას სხვა პროფილის საავადმყოფოში განაგრძობენ
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მათ შორისაა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მცხოვრები, ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ერთ-ერთი მცირეწლოვანი სხვა დაავადების გამო მშობელთან ერთად თბილისის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ დაუდასტურა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოს მკვიდრი, 60 წლის კაცი მკურნალობის გასაგრძელებლად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადება აქვს, რომელიც ექიმების მეთვალყურეობას საჭიროებს.
ცნობისთვის, სამივე პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 31 მარტს, სხვადასხვა დროს მოათავსეს. მათ ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზებით მათ covid-19 არ დაუდასტურდათ.
რაც შეეხება ახალი კორონავირუსის ორ დადასტურებულ შემთხვევას – 50 წლის ქალი გალის სოფელ საბერიოდან და 67 წლის კაცი ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობენ მკურნალობას. ექიმების თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
3 აპრილის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კარანტინში 188 პირი იმყოფება, 579 ადამიანს თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა, ხოლო 152 პირი თვითიზილაციაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 27 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 319 პირი რჩება.