დავით ზალკალიანი: მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაშიც კი ნატო კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას

“მინდა, ჩემი გულწრფელი მადლობა გამოვხატო  ნატო-ელი იმ პარტნიორებისა და მინისტრების მიმართ, რომლებმაც დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასეთი სიმწვავით დგას პანდემია, მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ჩამოთვალა ის ოთხი ინიციატივა, რომელიც ზემოაღნიშნული ზომების ფარგლებში განხორციელდება.

კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში; ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში; უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებში.

„ეს ოთხი მიმართულება ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური პროცესის შუქცევადობას და წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, პოლიტიკური და ეკონიმიკური რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების კიდევ ერთ აღიარებას”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი თქმით, მინისტერიალს წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის სატელეფონო საუბარი, სადაც იან სტოლტენბერგმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის საქმიანობას COVID-19-თან გამკლავების მიმართულებით.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ „მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და საქართველო კვლავაც ნატო-ს პოლიტიკური დღის წესრიგშია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები