კარანტინის პერიოდში მედიის წარმომადგელები მხოლოდ სპეციალური საშვების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას

პრემიერის მიერ გამოცხადებული საკარანტინო რეჟიმიდან და შესაბამისად, დაწესებული საკომენდანტო საათიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგელები სპეციალური საშვების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ვადით, 31 მარტის 21:00 საათიდან, იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი.

აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის.

მედიასაშუალებებს მივმართავთ თხოვნით, საშვების მისაღებად წერილობით მიმართონ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს , 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე – pressoffice@gov.ge
ოფიციალურ წერილში მითითებული უნდა იყოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი,”- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

საშვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც მედიის წარმომადგენლებს პრესსამსახურისგან ეცნობებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები