რუსთავის მერია სოციალური დახმარების კამპანიას აგრძელებს
რუსთავის მერიამ, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის დროს, მოსახლეობის დასახმარებლად რესურსის მოძიებაზე ზრუნვა კოვიდ 19-ის დაფიქსირების პირველივე დღიდან დაიწყო. შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლების, ისე – რიგითი რუსთაველების დახმარებით, რომლებიც ელექტრონული რეგისტრაციის ფორმით ჩაერთნენ აქციაში.
მერის სარეზერვო ფონდიდან და, ასევე, რუსთაველების ქველმოქმედებიდან შემოსული თანხით ნაყიდი პროდუქტი და მედიკამენტები მოხალისეებს ქალაქის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში, სახლში მიაქვთ სოციალურად დაუცველებთან და იმ მოქალაქეებთან, რომლებიც, შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებენ გარეთ გამოსვლას, რადგან დაავადების რისკის ჯგუფში არიან. დახმარებას იღებენ არა მარტო ის რუსთაველები, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ ეტაპზე საჭიროებენ თანადგომას.
მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საკვები პროდუქტი უკვე გაცემულია 950 ოჯახზე, რომელთა ბავშვებიც საბავშვო ბაღებში დადიან. აქციის მეორე ეტაპზე, მერიის დახმარებას დამატებით 2300 რუსთაველი ბავშვის ოჯახი მიიღებს. ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გაგრძელდება და მესამე ეტაპზე დახმარებას კიდევ 2400 ოჯახს გადასცემენ. სულ მერიის დახმარების ამ პროგრამით, 5650 ოჯახი ისარგებლებს, რაც მთლიანად მოიცავს რუსთავში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს.
მერის სარეზერვო ფონდიდანვე ფინანსდება თვითიზოლაციაში მყოფი რუსთაველების დახმარება სხვადასხვა სახის პროდუქტით, ჰიგიენური საშუალებით თუ საჭირო მედიკამენტებით. ჰუმანიტარული აქცია, რომელიც მთლიანად ერთი რუსთაველის შემოწირულობით დაფინანსდა, დღესაც მოეწყო, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ათეულ ოჯახს მოხალისეებმა საკვები სახლში მიუტანეს. ანალოგიური აქციები რუსთავში ყოველდღიურად იმართება.
ბენეფიციართა შერჩევა კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვითაც ხდება.
რუსთავში მოხალისეთა ჯგუფებში 200 ადამიანია გაერთიანებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ საკვები, ჰიგიენური საშუალებები თუ საჭირო მედიკამენტები, რამდენიმე ასეულ ოჯახს მიუტანეს. ბინაზე მიტანის სერვისით მოემსახურნენ იმ სოციალურად დაუცველებსაც, რომლებიც სოციალური სასადილოთი სარგებლობენ და შექმნილი სიტუაციის გამო, გარეთ ვერ გამოდიან. რუსთაველების შემოწირულობით და მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, დღემდე დახმარება ათასზე მეტმა რუსთაველმა უკვე მიიღო.
“დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარ მოქალაქეობრივ ვალდებულებად ჩათვალა გვერდში დადგომოდა ქალაქს და ქვეყანას. პირველივე დღეებიდან, როცა მოხალისეთა რეგისტრაცია გამოვაცხადეთ, რუსთაველები აქტიურად ჩაერთნენ ამ კამპანიაში როგორც ადამიანური, ისე მატერიალური რესურსით. რუსთაველი ბიზნესმენები, მერიის თანამშრომლები, უბრალო რიგითი რუსთაველები, რომლებიც პირველივე დღეებიდან აგროვებენ შემოწირულობებს, და გვთხოვენ, რომ არ გავასაჯაროოთ მათი ვინაობა, რადგან თვლიან, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო.
ყველა ვხედავთ, როგორი თავგანწირვით ებრძვიან ვირუსის გავრცელებას ჩვენი ექიმები, სახელმწიფო იღებს ყველა ზომას, რომ ეპიდემიური მდგომარეობა ქვეყანაში არ დამძიმდეს. ჩვენ კი, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ხალხს, ვისაც ამის რესურსი გააჩნია, ამ ეტაპზე ეს შეგვიძლია- შევასრულოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა რეკომენდაცია და დახმარების ხელი გავუწოდოთ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მხოლოდ ასე შევძლებთ დავამარცხოთ ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა დღეს ჩვენი ქვეყანა“, -განაცხადა რუსთავის მერმა.
ქალაქის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ტრანსპორტირების საკითხს. დაფინანსებული და უკვე შეძენილია სპეციალური ეკიპირება და ბიოუსაფრთხოების დამცავი კომბინიზონების პაკეტები მოხალისეებისთვის. მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო საკარანტინე ზონების ექიმებით მომსახურეობაც.
რუსთავის მერიის სოციალური დახმარების აღნიშნული კამპანია, ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებამდე გაგრძელდება.