ეკატერინე ტიკარაძე: დავაკვირდებით ტესტების სანდოობას და მერე უფრო მეტად გავშლით იმ სეგმენტს, სადაც ეს ტესტირება ჩატარდება

“ჩვენ დავაკვირდებით სწრაფი ტესტების სანდოობას და შესაბამისად, მერე უფრო მეტად გავშლით ამ სეგმენტს, სადაც ეს ტესტირება ჩატარდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„სწრაფი ტესტები ჩატარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც საწყის ეტაპზე, ერთი კვირის განმავლობაში ყველა დამატებითი ლაბორატორიების ჩართულობის პირობებში, ვამოწმებდით ამ ლაბორატორიების სანდოობას, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებითაც არის იგივე პროცესი. ჩვენ ვამოწმებთ ამ ეტაპზე ხარისხს. თუ რამდენი ტესტია ამ ეტაპზე ჩატარებული გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ეს არის მუდმივად მიმდინარე პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვენ დავაკვირდებით ტესტების სანდოობას და, შესაბამისად, მერე უფრო მეტად გავშლით ამ სეგმენტს, სადაც ჩატარდება ეს ტესტირება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში, მინისტრმა განაცხადა, რომ 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა უკვე კვლევა და აღებული იყო შესაბამისი ნაცხი.

„დღესდღეობით, 40 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოკვლეული ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან და 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა უკვე კვლევა და აღებული იყო შესაბამისი ნაცხი და ლუგარის ლაბორატორიიდან ჩვენ მიღებული გვაქვს პასუხები, რომლებიც თქვენთვის ცნობილია”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები