ნიკა მელია: ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე

“გვინდოდა, სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის. ზუგდიდში იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ, დისტანციის დაცვა შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც კი საფრთხე გაანალიზდა,
დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს, ყველა დეტალი გათვლილი უნდა გვქონოდა”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში, ენმ-ის მიერ ზუგდიდში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით პირბადეების დარიგებას.

“ზუგდიდთან დაკავშირებით…

ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე.

სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა, დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც, რომ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა,
დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა, ერთი მხრივ, ორგანიზატორების მოუმზადებლობა და, მეორე მხრივ, ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა”, – წერს მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები