ჩინეთში კორონავირუსით პირველი დაინფიცირებული იპოვეს

პირველი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი SARS-CoV-2 დაუდასტურდა, ქალაქ უხანში მდებარე “ხუანანის” ბაზარში კრევეტების გამყიდველი ქალია, გვარად – ვეი.

ამის შესახებ ჩინური გაზეთი, The Paper-ი  წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ქალს მაღალი ტემპერატურა 2019 წლის 11 დეკემბერს გამოუვლინდა. მან თავისივე სახლის პირველ სართულზე გახსნილ კლინიკას მიმართა. ექიმებმა მას ორი ნემსი გაუკეთეს, თუმცა ამან არ უშველა. ამის შემდეგ ქალმა კიდევ ერთ კლინიკას მიმართა, სადაც ასევე ვერ აღმოუჩინეს დახმარება. 16 დეკემბერს მან უკვე “სეხეს” საავადმყოფოში მივიდა.

ამ დრომდე საბოლოოდ არ არის ცნობილი, როგორ დაინფიცირდა ქალი, ან იყო თუ არა ის “ნულოვანი პაციენტი”. მეცნიერებში კი გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ გადაედო ცხოველებისთვის დამახასიათებელი ინფექცია ადამიანს და იყო თუ არა ზღვის პროდუქტების ბაზარი ინფიცირების წყარო.

ქალაქ უხანის ჯანდაცვის კომიტეტში 31 დეკემბერს განაცხადეს, რომ ინფიცირებულთა პირველ ჯგუფში 27 ადამიანი იყო, თუმცა მაშინ არ იყო დადასტურებული ის, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. სიიდან 24 ადამიანი “ხუანანის” ბაზარში იყო ნამყოფი, ან მის თანამშრომლებთან ჰქონდათ კონტაქტი, მათგან 4 ერთი ოჯახის წევრია.

ჟურნალისტების გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ ინფიცირებულთა პირველი ჯგუფიდან 11 ადამიანმა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ბაზართან ახლოს მდებარე პატარა კლინიკებს მიმართა.

23 თებერვალს გაზეთის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მიმართავდნენ ეს ადამიანები, დაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები