შიდა ქართლში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩების, სკვერებისა და ურნების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, მოირეცხა ცენტრალური ქუჩები. ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
კეთილმოწყობის ხელმძღვანელის თქმით, დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. პროცესს შიდა ქართლის რწმუნებული – გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი დაესწრნენ.
“ჩვენს რეგიონში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. ასევე, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი”, – აღნიშნა რწმუნებულმა.
ამასთანავე, დეზინფიცირება უკვე ჩაუტარდა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.