ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საველე ჰოსპიტალი 100 ადამიანზეა გათვლილი
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საველე ჰოსპიტალი 100 ადამიანზეა გათვლილი. ამის შესახებ მინისტრმა მარნეულსა და ბოლნისში ვიზიტისას განაცხადა.
გომელაური მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. როგორც მინისტრმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გამო, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობა უკონტროლოდ არ გადაადგილებულიყო.
„ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, თუ რა მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში, არ არის ძალიან მძიმე, თუმცა რამდენიმე დღე ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ, დავაკვირდეთ, ავიღოთ ანალიზები… მოგეხსენებათ, კორონავირუსის 4 შემთხვევა კიდევ დადგინდა.
იქედან გამომდინარე, რომ დაიკეტა ბოლნისი და მარნეული, გაკეთდა საველე ჰოსპიტალი 100 ადამიანზე. აქ არიან ექიმები, ისინი ამოწმებენ მოსახლეობას, ვისაც ეჭვი ეპარება საკუთარ ჯანმრთელობაში. ეს გაკეთდა იქედან გამომდინარე, თუ იქნებოდა ეპიდაფეთქება, რომ ვყოფილიყავით მზად“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
იმ შემთხვევაში, თუ ბოლნისსა და მარნეულში მოხდებოდა ეპიდემიის აფეთქება, მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტალში უნდა ყოფილიყო საკმარისი საწოლები იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ მიეღო.