ვეფხვია გულედანი: სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და საზოგადოებისთვის საიმედო საყრდენად იქცა

„სახელმწიფო მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში და მის ქმედებებს მოსახლეობა დადებითად აფასებს”, – ამის შესახებ „საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ვეფხვია გულედანი აცხადებს.

მისი თქმით, მთავრობისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის დროული რეაგირებისთვის.

„ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორის უამრავი ორგანიზაცია, ჩვენც აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი შეფასებით, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არსებულ მსოფლიო გამოწვევის დროს, საზოგადოებისთვის საიმედო საყრდენად იქცა, ვითარების ადეკვატური და სწორი წარმართვის თვალსაზრისით. აღნიშნულ გარემოებას ისიც ცხადყოფს, რომ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, განსაკუთრებით იტალია, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც დაგვიანებული რეაგირებაა. შესაბამისად, ჩვენი მთავრობისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის დროული რეაგირებისთვის.

რასაკვირველია, სიტუაცია მარტივი არ არის და მომავალში ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუმცა ამ გზაზე ჩანს სახელმწიფოს ერთიანობა და მტკიცე, გეგმაზომიერი პოლიტიკა ვირუსის პრევენციის კუთხით.

აღსანიშნავია უწყებათაშორისი კოორდინაცია, რომლის კარგი მაგალითია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს უშუალო კოორდინაცია, მინისტრების პირდაპირი ჩართულობა პროცესში და სამაგალითო მობილიზება. რა თქმა უნდა, ასევე, შექებას იმსახურებს ჯანდაცვის სამინისტროს თავდაუზოგავი შრომა და მედიკოსების მაღალი პროფესიონალიზმი.

საზოგადოების დიდი ნაწილი გაგებით ეკიდება პროცესს და თანადგომას გამოთქვამს სახელმწიფოს პრევენციულ პოლიტიკაზე, არსებულ საგანგებო და მკაცრ საკარანტინო მდგომარეობაზე. ჩვენი შეფასებით, სახელმწიფო მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში და მის ქმედებებს მოსახლეობა დადებითად აფასებს. ვფიქრობთ, არსებულ სიტუაციაში ერთიანობა და მაღალი თვითშეგნება გადამწყვეტია. ჩვენ მადლობას მოვახსენებთ ამ ერთიანობისთვის სახელმწიფო უწყებებს და სამოქალაქო მაღალი ცნობიერებისთვის საზოგადოებას. მოვუწოდებთ პოლიტიკურ სპექტრს, აღნიშნულ ვითარებაში უპირველესია სახელმწიფოს ინტერესები და ხალხის გვერდში დგომა, ხოლო პოლიტიკური სპეკულაციები და ვითარების კერძო პოლიტიკური ინტერესისთვის გამოყენება, უბრალოდ, ამორალური და დაუშვებელია”, – აცხადებს ვეფხვია გულედანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები