დუშეთში 2019 წელს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და პროექტი განხორციელდა

2019 წელს  ქალაქ დუშეთსა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანმანათლებლო, სამედიცინო, ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით,  სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და პროექტი განხორციელდა.

გრძელდება ისტორიული უბნების განახლება დუშეთში. პროექტი ითვალისწინებს ქალაქ დუშეთის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, ერეკლე II-ის, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებისა და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათებების მოწყობაც. ჯამში რესტავრაცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქ დუშეთში მოასფალტდა 6 ქუჩა და პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება.

სოფელ ჩოხში ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის, გოდერძი ჩოხელის მუზეუმი აშენდა. 2-სართულიან შენობაში ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის ღირებულებამ 397 000 ლარი შეადგინა.

კეთილმოეწყო ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია. დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა გარე განათებები, მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და  პარკირების სივრცე, ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად კი თანამედროვე ჯიხურები განთავსდა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 673 945 ლარს შეადგენს.

სოფელ ანანურში აგრეთვე მოასფალტდა შიდა სასოფლო გზები  და ძველი სამხედრო გზა, ანანურის ეკლესიასთან მისასვლელი და ცენტრალური გზიდან სანაპირომდე არსებული მონაკვეთი, იგეგმება არაგვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა დუშეთში არსებულ სკოლა-პანსიონებს. სოფელ მაღაროსკარში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის პანსიონი გაიხსნა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ენერგოეფექუტრობის პრინციპის შესაბამისად მოეწყო. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო დაწესებულების ეზოც.

პანსიონი გარემონტდა სოფელ ბარისახოშიც. საჯარო სკოლების პანსიონების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე ჯამურად 618 676 ლარი დაიხარჯა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება. საპროექტო სამუშაოები დასრულებულია. მშენებლობა შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე დაიწყება.

სოფელ შატილსა და სოფელ ახიელში, მცხოვრები მოსახლეობის  24-საათიანი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, 2 მცირე ჰიდროელექტროსადგურები აშენდა. ჰესების სიმძლავრე 200 კვტ-ია. სამშენებლო სამუშაოებზე 4 268 296 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაგვის ჰესს. პროექტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელა.

 

სხვა განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები