წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხალისეები თანაქალაქელებს ეხმარებიან
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხალისეები თანაქალაქელებს აქტიურად ეხმარებიან. 56 გადამზადებული მოხალისე საკვებ პროდუქტებს სათნოების სახლის ბენეფიციარებსა და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველდღიურად ურიგებს. ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების საჭიროებების კვლევა მიმდინარეობს, რათა დროულად გაეწიოთ შესაბამისი დახმარება.
დღეს საკვები პროდუქტები რამდენიმე მოქალაქეს თავად მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა გადასცა.
“მოხალისეების რიცხვი გაიზრდება, გრძელდება მათი რეგისტრაციის პროცესი, ისინი უკვე რამდენიმე დღეა, ემსახურებიან როგორც ქალაქში, ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მოხალისეები დაარეგულირებენ რიგებს ბანკებსა და სასურსათო მაღაზიებში, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ და გაეწიოთ ყველა საჭირო დახმარება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ამ ეტაპზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დახმარებას 446 სოციალურად დაუცველი და 70 წელს გადაცილებული მოქალაქე საჭიროებს. მოხალისეები მიღებული რეკომენდაციების მიხედვით, მათ მომსახურებასა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას განაგრძობენ.