გორის მერია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყოველწლიურად 1000 ლარით ეხმარება
გორის მერია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყოველწლიურად 1000 ლარით ეხმარება. აღნიშნული თანხიდან 500 ლარი ბენეფიციარებს ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით შეუძლიათ მიიღონ, დანარჩენი 500 ლარი კი გათვალისწინებულია დაუნის სინდრომის მქონეთათვის კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და მედიკამენტების გაცემა.
სოციალური პროგრამის გარდა, გორის მუნიციპალიტეტის მერია პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, თანადაფინანსებით ახორციელებს არაერთ პროექტს, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ხელობის შემსწავლელი კურსების, სარეაბილიტაციო და დასასვენებელი ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს.
ფინანსდება, აგრეთვე, დღის ცენტრი, რომლის საშუალებით ბენეფიციარები სხვადასხვა სახის მომსახურებას იღებენ. დაუნის სინდრომის მქონეთათვის განკუთვნილი სერვისების მიზანია, მუნიციპალურ დონეზე ხელი შეეწყოს მათი ცხოვრების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც საშუალებას მისცემს მათ მომავალში ადაპტირდნენ საზოგადოებასთან და შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრება.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე მსოფლიოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით წელს მეცხრედ აღინიშნება.