ღამე, როცა ქალაქმა სუნთქვა შეწყვიტა — ბჰოპალის ტრაგედიის ქრონიკა

1984 წლის დეკემბრის დასაწყისში ინდოეთის ქალაქი ბჰოპალი ჩვეული რიტმით ცხოვრობდა. ქალაქის ღარიბ უბნებში, რომლებიც ქარხნის სიახლოვეს მდებარეობდა, ათასობით ოჯახი დასაძინებლად ემზადებოდა. არავინ იცოდა, რომ მათ სახლებთან სულ რამდენიმე მეტრში მდებარე პესტიციდების ქარხანა ნელ-ნელა მომაკვდინებელ ბომბად იქცეოდა. ეს ქარხანა ამერიკულ კორპორაციას, Union Carbide-ს ეკუთვნოდა და იქ ინახებოდა უკიდურესად ტოქსიკური ნივთიერება — მეთილის იზოციანატი (MIC), რომელიც მცირე დოზითაც კი ფატალურია ადამიანის ორგანიზმისთვის.

2 დეკემბრის ღამეს ქარხნის ერთ-ერთ რეზერვუარში, გაუმართავი მილების გამო, დიდი რაოდენობით წყალი მოხვდა. ამან გამოიწვია მყისიერი და ეგზოთერმული ქიმიური რეაქცია, რომელმაც ტემპერატურა და წნევა კრიტიკულ ზღვრამდე გაზარდა. დაახლოებით, ღამის პირველ საათზე დამცავმა სარქველმა წნევას ვერ გაუძლო და ატმოსფეროში 40 ტონაზე მეტი მომწამვლელი გაზი გაიფრქვევა. ცივი ჰაერის გამო, გაზის ღრუბელი მიწასთან ახლოს დარჩა და ნელ-ნელა, ჩუმად დაიძრა მძინარე ქალაქისკენ.

ადამიანებმა თავიდან ვერ გაიგეს, რა ხდებოდა. მათ თვალების მწვავე წვა და ფილტვებში გაუსაძლისი ტკივილი იგრძნეს. ქალაქი პანიკამ მოიცვა; ათასობით ადამიანი ნახევრად შიშველი გამორბოდა სახლებიდან, თუმცა სირბილი მხოლოდ აჩქარებდა მოწამვლას, რადგან ღრმად ჩასუნთქული ტოქსინი ფილტვებში სითხის დაგროვებას და დახრჩობას იწვევდა. ბევრი საკუთარ საწოლშივე გარდაიცვალა, ზოგი კი, ქუჩაში სირბილისას დაეცა. დილისთვის ბჰოპალის ქუჩები ადამიანებისა და ცხოველების გვამებით იყო მოფენილი.

ოფიციალური მონაცემებით, პირველ დღეებში 3 000-მდე ადამიანი დაიღუპა, თუმცა რეალური მსხვერპლი ბევრად მეტია — სხვადასხვა შეფასებით, კატასტროფას პირდაპირ თუ ირიბად 15 000-დან 25 000-მდე ადამიანი შეეწირა, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა კი, ჯანმრთელობის გამოუსწორებელი დაზიანება მიიღო. ბჰოპალის ტრაგედია ამით არ დასრულებულა: მომდევნო წლებში ქალაქში საგრძნობლად იმატა თანდაყოლილმა დეფექტებმა და გენეტიკურმა დაავადებებმა, რაც იმ ღამის ტოქსიკური ზემოქმედების პირდაპირი შედეგი იყო.

გამოძიებამ შოკისმომგვრელი ფაქტები გამოავლინა. ქარხანაში უსაფრთხოების თითქმის არცერთი სისტემა არ მუშაობდა. ხარჯების დაზოგვის მიზნით, გათიშული იყო გაზის გამაგრილებელი სისტემა, ხოლო სპილენძის მილები, რომლებსაც რეაქცია უნდა შეეჩერებინა, გაუმართავი აღმოჩნდა. პერსონალის რაოდენობაც მინიმუმამდე იყო დაყვანილი და მათ არ ჰქონდათ გავლილი სათანადო წვრთნა კრიზისული სიტუაციებისთვის. მიუხედავად აშკარა დაუდევრობისა, Union Carbide წლების განმავლობაში ცდილობდა პასუხისმგებლობის თანამშრომლებზე გადატანას და საბოტაჟის ვერსიის გავრცელებას.

სასამართლო დავები ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. 1989 წელს კომპანიამ, ინდოეთის მთავრობასთან შეთანხმებით, 470 მილიონი დოლარი გადაიხადა კომპენსაციის სახით, რაც დაზარალებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, სასაცილოდ მცირე თანხა იყო (თითოეულ მსხვერპლზე, დაახლოებით, 500 დოლარი). კომპანიის ხელმძღვანელი უორენ ანდერსონი ინდოეთიდან გაიქცა და მართლმსაჯულებას სიცოცხლის ბოლომდე ემალებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები