თელავის საკრებულოს სოციალური კომისიის წევრებმა მედიკოსებს ტაში დაუკრეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები სხდომის დაწყებამდე აქციას “მადლიერების ტაში საქართველოს მედიკოსებს” შეუერთდნენ.
მათ სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მიმართ მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს.
“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით, ვაგრძელებთ მუშაობას და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. თელავის მუნიციპალიტეტის სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებთან თხოვნა მექნება, პატივისცემა გამოვხატოთ ექიმების მიმართ, რომლებიც ზრუნავენ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და სიმბოლურად ტაში დავუკრათ ჩვენს ექიმებს”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად აქციას „მადლიერების ტაში მედიკოსებს“ თელავშიც შეუერთდნენ. აფთიაქებისა და მაღაზიების ქსელ “ნატალის” თანამშრომლებმა ქართველ ექიმებს მადლიერების ნიშნად ტაში დაუკრეს.