ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული სავაჭრო დაწესებულებები დაათვალიერეს
ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის წარმომადგენლები, სავაჭრო დაწესებულებების სასურსათო მარაგით, ფასების დინამიკითა და უსაფრთხოების ზომების დაცვის პირობებით დაინტერესდნენ.
ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სექტორმა მუნიციპალიტეტში არსებული სავაჭრო დაწესებულებები დაათვალიერეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.
როგორც ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობა მობილიზებულია და, პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მონიტორინგს უწევენ შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედ სავაჭრო ქსელებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაითვალისწინონ, ასევე, მომხმარებელთა ინტერესები, რათა არ მოხდეს ფასების ხელოვნური ზრდა სასურსათო პროდუქტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არცერთი ასეთი შემთხვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე.
ზესტაფონის მერი დღეს, ასევე, აგრარულ ბაზარშიც მივიდა. ადმინისტრაციის განმარტებით, ამ ეტაპზე, ბაზრის დახურვის საშიშროება არ არსებობს და შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ყველა წესის დაცვით ხორციელდება.
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეიზღუდება, რესტორნების, კაფე – ბარების, ასევე, ქალთა და მამაკაცის სალონების მუშაობა.