„საქართველოს პრემიერმინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით დავიწყეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სამკერვალოში ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის” სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსთან, გელა მგელაძესა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.
„პირველ ეტაპზე, ეს იქნება დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომლებიც, პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება, მრავალჯერ გამოვიყენოთ. ის ირეცხება და მოჰყვება გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ასევე მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებთან. ხოლო უფრო სპეციფიკური მოხმარების დროს, მაგალითად, სამედიცინო მუშაკების საქმიანობის დროს, პირბადეები იქნება ერთჯერადი, რადგან იქ საჭიროა უფრო მეტი კონტროლი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადეები შეიკერება 10-მდე სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში, რომელმაც გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.
„ამ ეტაპზე, სახელმწიფო თვითონ ქმნის ამ მარაგს, რადგან ნედლეულის მიწოდება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, თუმცა, ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვართ კონტაქტზე და ამ კონტაქტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს დოლბანდის ნედლეულის მოწოდება. ამჟამად, საკმარისი მარაგი გვაქვს, რომ პირველი პარტიის დამზადება დაიწყოს და ეს პარტია სახელმწიფოს მიერ გადანაწილებული იქნება იმ მოხელეთა კატეგორიებზე, ვისაც აქვს ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან, ხოლო ამის შემდეგ უკვე პრიორიტეტში გვყავს ის ბიზნესები, სადაც დასაქმებულები მაღალ კონტაქტში შედიან მომხმარებლებთან და, ამდენად, რისკი მაღალია. ამის შემდეგ პირბადეები უკვე კომერციულ სექტორში გავა, ოღონდ ფასის კონტროლით”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პირბადეების მასობრივი წარმოება დაიწყოს.
„ნედლეული გზაშია. მარაგებს ვზრდით და, აქედან გამომდინარე, პირბადეები გაყიდვაში მალე გამოჩნდება. რადგანაც ეს არის სახელმწიფო პროგრამა, პირბადეების ფასი იქნება რეგულირებადი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.