მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა,  შალვა კერესელიძემ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების გზებზე იმსჯელეს და განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, რეგიონში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დღემდე გადადგმული ნაბიჯებიც შეაჯამა.

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით შეზღუდვები დაწესდება ტრანსპორტზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ინტენსივობა მინიმუმამდე შემცირდება და რეისები მხოლოდ მოსახლეობისთვის აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება. ამასთან, მძღოლები სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით რეგულარულად დაამუშავებენ.

მცხეთა-მთიანეთში ეტაპობრივად დაიკეტება რესტორნები, კაფე-ბარები და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ის ობიექტი, რომელთა ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს.

რეგიონში საბავშვო ბაღების სასურსათო მარაგების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და უფასო სასადილოებისთვის გადაცემა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების დაცვის მიზნით, მუნიციპალური სერვისი – უფასო სასადილო განსხვავებულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, საკვები კონტეინერებით სახლში წაიღონ.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. მოხალისეები უახლოეს დღეებში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები