მამუკა მდინარაძე: მმართველი პარტიის თავმჯდომარე აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პასუხობს მათ, ვინც კითხულობს – სად არის ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება”, მთელი შემადგენლობით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია.

მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სრული კოორდინაციით მიიღება.

„მართალია, ამ თემის ყოვლად უაზრო პედალირებას მხოლოდ პარტიული ტელევიზიები ცდილობენ და ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვეხმაურები – ერთმა ადამიანმაც კი რომ არ დაიჯეროს ტყუილები, რომელსაც, ამ საყოველთაო ერთობის მიუხედავად, მაინც არ იშლიან.

ყოველდღე გვეკითხებიან, ვპასუხობთ, მაგრამ მაინც: რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი?

ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი იშვიათად ჩანს ტელეეკრანებზე, იშვიათად გამოდის საჯარო აქტივობებით, თუმცა არცერთ ადამიანს ამ თემაში ის არ დაუნახავს, რასაც ზოგიერთი „მედიასაშუალება” ეძებს.

„ქართული ოცნება”, მთელი შემადგენლობით, აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არსებული გამოწვევების, სადღეისოდ კი ბუნებრივია, მთავარი გამოწვევის, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სრული კოორდინაციით მიიღება.

რა თქმა უნდა, პარალელურად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვმუშაობთ და მმართველ პარტიაში გასულ კვირას პარტიის თავმჯდომარის უშუალო ხელმძღვანელობით ორი შეხვედრა გაიმართა. ის შეხვდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისა და პოლიტიკური გარემოსთვის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა შტაბის შეხვედრაც.

სხვათა შორის, შეხვედრების ფოტოები პარტიის facebook გვერდზეც დევს, თუმცა მეორე დღიდანვე მაინც გავხდით კითხვის ადრესატები – სად არის ბიძინა ივანიშვილი?

„ქართული ოცნების” გუნდი სრულ კოორდინაციასა და აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა მიმართულებით, რათა არსებული გამოწვევები ეფექტიანად იქნას დაძლეული.

კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები