ქუთაისის მერი: ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია და მოსახლეობის შიშის საფუძველი არ აქვს
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში არსებული ის საწყობები მოინახულა, სადაც სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტებია დასაწყობებული.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ქუთაისში საკვები პროდუქტის და სხვა პროდუქციის მარაგი სავსებით საკმარისია, დეფიციტი დღემდე არ შეინიშნება და შესაბამისად, მოქალაქეებს ჩვეული წესით შეუძლიათ ყველაფრის შეძენა.
“პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ სხვადასხვა შიშები, მათ შორის საკვების მარაგის ამოწურვის შიში. ჩვენ რამდენიმე დიდი საწყობი ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია. ხოლო, მარაგის ამოწურვის შემდეგ, მოხდება მათი ხელახალი შევსება,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.