ზესტაფონის მერია მარტოხელა მოხუცებისთვის მომსახურების ახალი სერვისის ამოქმედებას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მარტოხელა მოხუცებისთვის მომსახურების ახალი სერვისის ამოქმედებას იწყებს.
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე განმარტავს, რომ მარტოხელა მოხუცებს, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომელთა გადაადგილება, განსაკუთრებით – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საფრთხისშემცველია, ზესტაფონის მერიის მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი, ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე მოემსახურება და მათთვის საჭირო პროდუქტებს ოჯახებში მიუტანს.
ასევე, ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ისინი დარეკვას შეძლებენ და მერიის მომსახურების ახალი სერვისით ისარგებლებენ.
ზესტაფონის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით – 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაციის წესები.