მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩა – რა იქნება მომავალში, ეროვნული ბანკი ამას სიტუაციის დაკვირვების შემდეგ გადაწყვეტს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 9 %-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდებოდა. აღნიშნული შეფასება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ითვალისწინებდა.
როგორც სებ-ში განმარტავენ, კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში, ისე –  საქართველოში, რის გამოც, ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია.

როგორც ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს.

როგორც სებ-ში აცხადებენ, ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები