ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის
პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ბრიფინგების საერთო სიგნალის ტელევიზიებისთვის მიწოდებას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.
“იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მედიის დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გადადის განსხვავებულ რეჟიმზე ბრიფინგების ტრანსლირების. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ არხს, რომელმაც მოგვცა იმის საშუალება, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას და ასევე, რა თქმა უნდა, თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მიაწოდოთ ჩვენს პრესსამასახურს შეკითხვები, რომელზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს. გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას და აქვე გეტყვით, რომ ოპერატიულ რეჟიმში იქნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ თქვენ შეკითხვას ვუპასუხოთ,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.