ფოთისა და ხობის ეპარქიამ შვიდპუნქტიანი დადგენილება მიიღო 

ქვეყანაში კორონავირუსის საპრევენციოდ შექმნილი ვითარების გამო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა.

რამდენიმესაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, ეპარქიამ შვიდპუნქტიანი დადგენილება მიიღო. დადგენილების მიხედვით, მოხდება ტაძრების დეზინფექცია, ზიარების წესი უცვლელი რჩება, ხოლო სიტკბოების მიღება ნება-სურვილით მოხდება.

“ეპარქიის სასულიერო პირების კრებამ იმსჯელა კორონავირუსით გამოწვეულ გამოწვევებზე, მიიღო დადგენილება, რომელსაც გაგაცნობთ. პირველი პუნქტი – შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია. მეორე – ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით. მესამე – იმასთან დაკავშირებით, რომ სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლის წევრებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება მის მიღებასთან დაკავშირებით, თითოეული მოიქცევა მისი შეხედულების მიხედვით. მეოთხე – ეპარქიის თითოეულ ტაძარში, ყოველ კვირას წირვის მსახურებას მიებმება წყლის კურთხევა, ე.წ. მცირე აიაზმა. მეხუთე – ჯვრის თაყვანისცემის კვირას, 12- საათზე, ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის წყალკურთხევის შენობაში შესრულდება დიდი აიაზმა. მეექვსე – ეპარქიის ტაძრებში მონაცვლეობით ყოველ ხუთშაბათს, 12- საათზე შესრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო. მეშვიდე- თითოეულ ტაძარში ყოველდღიურად შესრულდება სავედრებელი ლოცვა, პარაკლისი“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მდივანმა, დეკანოზ ამბროს ხოშტარიამ.

სასულიერო პირების შეხვედრა ფოთის საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები