რუსთავში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ორი სახის ჯგუფი იქმნება
რუსთავში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ორი სახის ჯგუფი იქმნება. ამ ინიციატივით, რუსთავის მერი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. პირველი ოცკაციანი ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა და რომელიც უკვე გადის საჭირო კონსულტაციებს, აღჭურვილი იქნება სპეციალური ეკიპირებით და ტრანსპორტით, რისთვისაც თანხა, რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდანაა გამოყოფილი. აღნიშნული ჯგუფი მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში გაჩენილი საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება.
რაც შეეხება მეორე ჯგუფს, უკვე დაწყებულია ონლაინ რეგისტრაცია და მასში გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება.
“პირველი ჯგუფი, რომელიც შედარებით რთული დავალებების შესასრულებლად შევქმენით, უკვე დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან. ამ შემთხვევაში, მოხალისეს უნდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შევიმუშავეთ. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ის იქმნება ,,სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის“ ინიციატივით. უკვე შექმნილია ონლაინ პლატფორმა სახელწოდებით- covid stopper და დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რუსთავი დაყოფილია 10 ტერიტორიულ ერთეულად და ეს ჯგუფიც სწორედ ამ პრინციპით დაიყოფა. მოხალისეები, ამ შემთხვევაში დაეხმარებიან ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც მაგალითისთვის სარგებლობენ უფასო სასადილოებით და შექმნილი სიტუაციის გამო, ვერ ახერხებენ სასადილოებში მისვლას. მოხალისეები მათ საკვებს და საჭირო მედიკამენტებს მიუტანენ სახლში”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
მოხალისეთა ჯგუფში რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმის ნახვა ნებისმიერ მსურველს რუსთავის მერიის fb გვერდზე შეუძლია.