თელავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა გარევაჭრობა გააპროტესტეს

თელავში აგრარული ბაზრის 100-მდე მოვაჭრემ გარევაჭრობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით,გარევაჭრობის აკრძალვა მათთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

მოვაჭრეების თქმით, მოქალაქეები სასურველ პროდუქტს გარეთ ყიდულობენ და ბაზარში საყიდლად აღარავინ შედის,რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს.

“მთელი დღეს ბაზარში ვატარებთ და გამოდის ტყუილად, ვერაფერს ვყიდით. გარემოვაჭრეები გადასახადს არ იხდიან, ჩვენ კიდევ ვეღარც ბანკის გადასახადს ვიხდით და ვეღარც დახლისას. შიგნით დახლები ცარიელია და ესენი არ შემოდიან, გადასახადები რომ არ გადაიხადონ. ჩვენსავით გადაიხადონ ქირის ფული 200 ლარი და ისე ივაჭრონ“, – განაცხადა ზაქრო ჩირაღაშვილმა.

გარემოვაჭრეების თქმით კი, დახლების განლაგება მათთვის მიუღებელია და ბაზარში შესვლაზე უარს ამიტომ აცხადებენ.

“ბაზარში ათეული წლები ვიდექით და განლაგება უკეთესი იყო. ახლა ერთი მოვაჭრე ყველაფერს ყიდის და ერთი დასახელების პროდუქტზე არ ვაჭრობს. ამიტომ, გვიჭირს ბაზარში ვაჭრობა. თუ ისე მოაწყობენ ბაზარს, როგორც ჩვენ გვინდა, შევალთ შიგნით“, – ამბობს გარემოვაჭრე ნათელა სუმბაძე.

მოვაჭრეების აქციაზე კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოლაშვილი მივიდა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ორშაბათიდან გარევაჭრობა იკრძალება.

ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები გარემოვაჭრეებს უკვე ჩაბარდათ.

“ხელისუფლებამ განახორციელა მთელი რიგი ქმედებები, რომ ორშაბათიდან ალაგმული იყოს ეს ყველაფერი. საკრებულომ ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიდგას საგზაო ნიშნები და მოწესრიგდეს მოძრაობა, დასუფთავების სამსახურს დაევალა, რომ ყოველ საღამოს ეს ადგილი მოწესრიგდეს. მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში რა მდგომარეობაა და ყველა ვალდებულები ვართ, დავიცვათ სისუფთავე“, – აცხადებს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები