გურამ ნიკოლაშვილი: როდესაც სახელმწიფო განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დგება, როდესაც უჭირს, გაუმკლავდეს რთულ ვითარებას, „ქართუ ჯგუფი“ ყოველთვის იწყებს მოქმედებას

„როდესაც სახელმწიფო განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დგება, როდესაც უჭირს გაუმკლავდეს რთულ ვითარებას, „ქართუ ჯგუფი“ ყოველთვის იწყებს მოქმედებას და ეხმარება სახელმწიფოს მძიმე დღეებში. ეს ტრადიცია უკვე 30 წელს ითვლის და, თუ დავაკვირდებით, „ქართუ ჯგუფის“ პროექტებისა და პროგრამების ნუსხას, აღნიშნული მიდგომა თვალსაჩინო ხდება”, – ამის შესახებ ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა ,გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართუ” ჯგუფი მზადაა, გაიღოს აუცილებელი რესურსი, რაც საჭირო იქნება საქართველოში პანდემიის დასამარცხებლად.

„ქართუ” ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად“, – ეს არის ამონარიდი იმ განცხადებიდან, რომელიც დღეს „ქართუ ჯგუფმა“ გაავრცელა.

მორიგ ჯერზე, როდესაც სახელმწიფო განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დგება, როდესაც უჭირს, გაუმკლავდეს რთულ ვითარებას, „ქართუ ჯგუფი“ ყოველთვის იწყებს მოქმედებას და ეხმარება სახელმწიფოს მძიმე დღეებში. ეს ტრადიცია უკვე 30 წელს ითვლის და თუ დავაკვირდებით „ქართუ ჯგუფის“ პროექტებისა და პროგრამების ნუსხას, აღნიშნული მიდგომა თვალსაჩინო ხდება. დაწყებული იმ დღიდან, როდესაც ახლადშექმნილ ქართულ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის დარგს ბიძინა ივანიშვილმა ტრაქტორები გამოუგზავნა, ქველმოქმედებისა და სახელმწიფოს დახმარების მექანიზმი არასდროს გაჩერებულა.
განვლილი 30 წლის მანძილზე „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებდა შემწეობის პროექტს მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენელთათვის სიდუხჭირის ურთულეს წლებში; აღადგენდა და აშენებდა კულტურული მემკვიდრეობის ათობით და ასობით ძეგლს; ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობას და უზრუნველყოფდა მათ ინფრასტრუქტურას; აამოქმედა ტურიზმის ხელშეწყობის ფონდი, სადაც დაიწყო მსხვილი ობიექტების მშენებლობა; პირდაპირ დაეხმარა 2015 წლის წყალდიდობის დროს თბილისს და დაზარალებულ პირებს. ეს არის სახელმწიფოს დახმარებისთვის გადადგმული ნაბიჯების მოკლე და არასრული ჩამონათვალი, რომელსაც დღეს მორიგი ინიციატივა დაემატა.

„ქართუ ჯგუფი“ მზადაა გაიღოს აუცილებელი რესურსი, რაც საჭირო იქნება საქართველოში პანდემიის დასამარცხებლად. ყველა აღნიშნულ და არაღნიშნულ ქმედებას ახასიათებს საერთო ხელწერა, დახმარება გაეწიოს სახელმწიფოს ისეთ სფეროებში, სადაც მას თავად არ ჰყოფნის რესურსი გაუმკლავდეს პრობლემებს”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, ინიციატივა უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ მსოფლიოში არავის შეუძლია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება.

„ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, როგორ განვითარდება ვირუსის გავრცელების პროცესი. გაზაფხულის დადგომასთან ერთად არსებობს გავრცელების გაქრობის შანსიც, თუმცა აგრეთვე არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ვირუსის გავრცელება არ იყოს დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე. ასეთი ბუნდოვანება კი მოსახლეობის შიშებს კიდევ უფრო ზრდის და მსგავს ვითარებაში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ პოზიტიურ პროცესს. როდესაც ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი გამოთქვამს სტიქიასთან გამკლავების მზაობას, ბუნებრივია ეს ნაბიჯი მოსახლეობას იმედით აღავსებს. „ქართუ“ ჯგუფის სამოქმედო კონცეფცია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს გაუმკლავდეს სახელმწიფო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი დანაკლისი შეუვსოს ქართუმ, ბიძინა ივანიშვილის ორიგინალურ მიგნებად იქცა. დღევანდელი მონაცემით კი სახელმწიფო ახერხებს თავი გაართვას არსებულ ვითარებას. შუადღისას გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმინისტრმა საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც დგამს სახელმწიფო ვირუსთან ბრძოლის კუთხით, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით. სახელმწიფო დღეს სრულ მზაობაშია გაუმკლავდეს არსებულ ვითარებას, რაც მოქალაქეებისთვის დამაიმედებელია. ეს იმედი კი უფრო ძლიერდება ისეთი ძლიერი დამზღვევი მექანიზმის არსებობით, როგორიც “ქართუ ჯგუფია”, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები