გურამ ნიკოლაშვილი: კორონავირუსის ეპიდემია საფრთხეს უქმნის ეკონომიკასაც და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემია, ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკასაც და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.
როგორც გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის „დღის ქრონიკაში” განაცხადა, პირველ რიგში, რისკჯგუფში ექცევა ტურიზმის ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, სადაც პირდაპირ დაფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის კლება.
„კორონავირუსის ეპიდემია ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკასაც და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მომავლის პროგნოზი დამოკიდებულია სიტუაციის განვითარების ორ სცენარზე. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, დაიწყებს თუ არა ვირუსის გავრცელება შემცირებას, რაც ჯერჯერობით უცნობია, თუ მიუხედავად ამისა, ის კვლავაც გააგრძელებს გავრცელებას. თუ ვირუსის გავრცელება შენელდა, შემცირებული ბიზნესაქტივობა კვლავ გაიზრდება ზაფხულში, მაგრამ, თუ არსებული ვითარება გაგრძელდა, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვზე მომხმარებლის ქცევა უდიდეს გავლენას იქონიებს. ადამიანები შეზღუდავენ ხარჯვას და შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა სერიოზული რეცესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ობიექტური გარემოებების გარდა, რაც სცდება ჩვენს კონტროლს, არსებობს სუბიექტური ფაქტორები, რაც უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ. ამ ეტაპზე ჩვენ უძლური ვართ, ვიცოდეთ, რა მომავალი აქვს COVID-19-ის სახელით ცნობილი ვირუსის გავრცელებას, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ გასაქანი პანიკას, უნდა დავიცვათ თავი მაქსიმალურად და გავითვალისწინოთ ჯანდაცვის რეკომენდაციები გარესამყაროსთან კონტაქტისას და შევეცადოთ, მშვიდად გავაგრძელოთ ყოველდღიური საქმიანობა”, – აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.