ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ბოიკოტი საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას არ შეეხება
„რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს – ეს არის მათი პოლიტიკური უფლება და შეუძლიათ, ამით ისარგებლონ, რაშიც ვერ ჩავერევით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მიღწეულია და ყველას პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს.
“ბოიკოტი არ შეეხება საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას. პრინციპული შეთანხმება გვაქვს საარჩევნო სისტემაზე და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ბოიკოტის რეჟიმში ეს შეთანხმება ვერ შესრულდება და, შესაბამისად, ბოიკოტი კენჭისყრას არ უნდა დაუკავშირდეს. ალბათ, ასეც იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, „პატრიოტთა ალიანსი“ კი ბოიკოტს წყვეტს.