შუახევში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები დაიწყო
შუახევის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების: ლაკლაკეთის, სამოლეთის, კვირიაულის, მოფრინეთის, ცინარეთის მოსახლეობასთან გაიმართა. შეხვედრებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი – ედნარ კეჟერაძე და მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი – რუსლან ბერიძე ესწრებოდნენ.
გიორგი დავითაძემ მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო, რის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს. კენჭისყრის შედეგად, კვირიაულსა და მოფრინეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წისქვილებს და მოეწყობა გარე განათება. სამოლეთში ძირითად პრობლემად სანიაღვრე არხი და გარე განათება დასახელდა, ლაკლაკეთში – გზის რეაბილიტაცია და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს, ხოლო ცინარეთში – სასმელი წყლის რეაბილიტაცია.
დღესვე, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა სოფლებში და დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.