სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხანძრის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი და რთული რელიეფი ართულებს. ცეცხლის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. პროცესში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი.

ასევე, ადგილზე დილიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომელსაც დღის მეორე ნახევარში მესამე ვერტმფრენიც დაემატა. მათ, ჯამურად, 50 გაფრენა განახორციელეს. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები