ნინო წილოსანი: მოლაპარაკების შედეგად მიღებულ მოდელს, რომელიც დაინიცირდება, მხარს დავუჭერ
საქართველოს პარლამენტის “გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის” თავმჯდომარე, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შედეგად მიღებულ საარჩევნო მოდელს მხარს დაუჭერს.
მისი თქმით, ყველა ის მიზეზი, რის გამოც მხარს არ უჭერდა 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ამ საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული იქნება.
“ამ მოლაპარაკების შედეგად მიღებულ მოდელს, რომელიც დაინიცირდება, მხარს დავუჭერ, რადგან ყველა ის არგუმენტი, რომელიც მქონდა და რატომაც არ დავუჭირე 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი, დაკმაყოფილებულია. ჩვენს გუნდში, რა თქმა უნდა, არიან და იქნებიან ადამიანები, ვინც დღემდე შეიძლება, ორჭოფობდნენ თავიანთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა გუნდს აქვს ერთიანი პოზიცია, რომ ამ ცვლილებებს ვუჭერთ მხარს”, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.