გიორგი მარგველაშვილი: მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა.
მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაში წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ, თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობა, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა და იყრის თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო.
ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში და მე ამ წუთას, ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც დაიწყო ეს ბრძოლა და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. მე მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქ გაერთიანდნენ და რომლებიც თავის მომავალს ხედავენ იმაში, რომ არ მოიპარონ, არამედ მიიღონ ის ხმები, რომლებსაც ხალხი მათ მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარეთ ამით ჩვენი ქვეყნის სიკეთეს, სტაბილურობასა და განვითარების შესაძლებლობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.